Orsuli.ge - დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორები

 დაორსულების ხელისშემშლელი ფაქტორები

დაორსულების პროცესზე გავლენას ახდენს ბუნებრივი და პათოლოგიური ფაქტორები. ბუნებრივი ფაქტორების დაძლევა ზრდის დაორსულების სტატისტიკას რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დასაწყისიდან (პირველ 3 თვეს ორსულდება ქალების 15-25%, 6 თვეს - 50%, 1 წელში - 90%) ქალის შვილოსნობის „ოქროს ხანამდე“ – 30 წლამდე  და ყოველი წარმატებული მშობიარობის შემდგომ, მათი გადალახვა ხშირად თავისთავად და ჩაურევლად ხდება, მაშინ როდესაც პათოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა რთული დასაძლევია და ხშირად სამედიცინო ჩარევის გარეშე გადაულახავიც.

 რა ფაქტორები მოქმედებენ ამ პროცესზე?

არარეგულარული ციკლი და დაორსულება

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია გინეკოლოგიური დაავადებების, თუმცა გვხვდება ექსტრაგენიტალური (არასასქესო) პათოლოგიების დროსაც. არარეგულარული მენსტრუალური ციკლი თავის თავში მოიაზრებს დროებით დარღვევას, რომელსაც წინ უძღვოდა რამდენადმე რეგულარული ციკლი. მენსტრუაციის არარეგულარობა როგორც წესი მოიცავს არა მხოლოდ დროითი ინტერვალის შეცვლას, მას თან ახლავს მენსტრუალური სისხლდენის სიჭარბე და მტკივნეულობა.

მენსტრუალური სისხლდენის არარეგულარულობა შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური მიზეზებით განპირობებული. ფიზიოლოგიურ (ბუნებრივ) მიზეზებს მიეკუთვნება - საქალწულე აპკის დარღვევის ან რეგულარული პარტნიორის შეცვლის შემდგომ სასქესო გზების მიკროფლორის ცვლილებები, აბორტი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი. პათოლოგიურ ექსტრაგენიტალურ ფაქტორებს მიეკუთვნება უხშირესად ჰორმონული ცვლის დარღვევები (ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის დონეზე), რაც შესაძლოა თავის მხრივ გამოწვეული იყოს ტრამვებით (მ.შ. ტვინის შერყევა), ფსიქოგენური ფაქტორების (დეპრესია, ფსიქოზი, ძლიერი სტრესი), ინფექციური ანთებითი დაავადებების (მ.შ. გრიპის ვირუსი), ტოქსიური ნივთიერებების (მ.შ. კონტრაცეპტივების დიდი დოზებით მიღება) ზეგავლენით. გინეკოლოგიური პათოლოგიური ფაქტორებია ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები - საკვერცხეების პოლიკისტოზი, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის პოლიპოზი და ქრონიკული ინფექციური/ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი.

არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს  თან ახლავს ანოვულაცია ანუ ოვულაციის არარსებობა, როდესაც საკვერცხის ფოლიკულიდან არ ხდება კვერცხუჯრედის „გამოსროლა“ საშვილოსნოს მილებისკენ. სადიაგნოსტიკოდ ამ დროს რეკომენდებულია ე.წ. ოვულაციის ტესტის ჩატარება.

არარეგულარული მენსტრუალური ციკლი არ გამორიცხავს დაორსულების ალბათობას, მით უფრო მისი ბუნებრივი მიზეზებით გამოწვევის შემთხვევაში, მაგრამ თუ  4 თვის განმავლობაში ციკლი არ მოწესრიგდა და არც ორსულობა დადგა, საჭიროა კონსულტაცია ექიმ-გინეკოლოგთან პათოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების სამკურნალოდ.

ასაკი და დაორსულება

თუ ქალი რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას 30 წლის ასაკის ზემოთ იწყებს ანუ სქესობრივი ცხოვრების პირველი ციკლი 30 წლის შემდეგ პერიოდზე მოდის - მისი დაორსულების შანსი განსაკუთრებით მცირდება და 50%-ს შეადგენს.

30 წლამდე სქესობრივი ცხოვრების ისტორიის მქონე ქალებშიც ასაკთან ერთად დაორსულების შანსი იკლებს: 30-დან 35 წლამდე ეს შანსი 38%-მდე ქვეითდება, ხოლო 35-დან 45 წლამდე ასაკის ქალებში ეს მაჩვენებელი 13%-მდე ეცემა.

ამის მიზეზი ქალის ორგანიზმის ბუნებრივ ასაკობრივ ცვლილებებში იმალება. 35 წლის ასაკიდან ქალებს გაცილებით უფრო ხშირად აქვს ანოვულატორული მენსტრუალური ციკლები. ,,დაბერების“ ეს პროცესი სრულიად ბუნებრივია და მისი შეცვლა არ შეიძლება. ასაკის მატებასთან ერთად საკვერცხეები იფიტებიან, კვერცხუჯრედების „ხარისხი“ ქვეითდება, მატულობს ჰორმონული ჩავარდნების რისკი, შესაბამისად უნაყოფობის ალბათობა.

არარეგულარული კავშირი და დაორსულება

დაორსულების შანსს ამცირებს რათქმაუნდა  რეგულარული სქესობრივი კონტაქტის არარსებობა და ეს დაორსულებაზე მოქმედი ბუნებრივი ფაქტორია. ჩასახვის შანსების დამოკიდებულება სქესობრივი კონტაქტების რაოდენობაზე ასე გამოიყურება: თვეში 5-მდე სქესობრივი კავშირის დროს დაორსულების შანსი 15%-ს შეადგენს, 10 სკ ზრდის შანსს 30%-მდე, ხოლო 20 სკ - 45% ალბათობას იძლევა.

მეორეს მხრივ, ძალიან ხშირი სქესობრივი კონტაქტი არ წარმოადგენს დაორსულების პირდაპირ წინაპირობას, პირიქით, თუკი წყვილს აქვს ზედმეტად ხშირი სქესობრივი კონტაქტები, ამ დროს მამაკაცის სპერმაში მცირდება განაყოფიერების უნარის მქონე სპერმატოზოიდების რაოდენობა.

ჭარბი წონა და დაორსულება

ჭარბი წონა დაორსულების შანსს ამცირებს 30%-ით. ესეც დაორსულების პროცესზე გავლენის მქონე ბუნებრივი ფაქტორია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა დაუძლეველ პათოლოგიურ ფაქტორადაც იქცეს.

ჭარბი წონა ხშირად კავშირშია ისეთ დარღვევასთან, როგორიცაა ინსულინური რეზისტენტობა. ინსულინური რეზისტენტობის დროს დარღვეულია სისხლიდან უჯრედებში ინსულინის გადატანა, უჯრედს კი ინსულინი სჭირდება ნახშირწყლების დასაშლელად და ენერგიის მოსაპოვებლად. აღიქვამს რა ორგანიზმი ენერგეტიკულ დეფიციტს, კუჭქვეშა ჯირკვალი კიდევ უფრო მეტ ინსულინს გამოიმუშავებს, ინსულინის ეს მომატებული ოდენობა ვერ მიდის უჯრედებამდე და ხვდება რა ჰიპოფიზში, განაპირობებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის ზედმეტ გამოყოფას (ამით ქალური ჰორმონების ბალანსი ირღვევა) და მამაკაცური ჰორმონების წარმოქმნას. ასეთი ტიპის ჰორმონული ცვლილებები შექცევადი ხდება, თუ წონის სიჭარბე არაა დაკავშირებული ენდოკრინული სისტემის დაავადებებთან და მის კლებას მივაღწევთ, თუმცა თუ ქალს ჭარბი წონის ქონის დიდი ხნის „ისტორია“ აქვს, დიდი ალბათობით ეს ისტორია გამოწვეულია ენდოკრინული დარღვევებით და მისი გამოსწორება მხოლოდ სამკურნალწამლო საშუალებებითაა შესაძლებელი.

ფსიქოლოგიური სტრესი და დაორსულება

ხშირი ფსიქოლოგიური სტრესი და ქალის ნერვული სისტემის გადაძაბვა დაორსულების შანსს 20%-ით აქვეითებს. ამ დროს გამოყოფილი ადრენალინის ჭარბი ოდენობა ზრდის ქალის ორგანიზმში ჰორმონის პროლაქტინის  დონეს და, ისევე როგორც ძუძუთი კვების დროს (ამ დროსაც ორსულობის დადგომა არ ხდება, რადგან მომატებულია პროლაქტინი), მენსტრუალური ციკლი კვერცხუჯრედის მომწიფებისა და ოვულაციის გარეშე მიმდინარეობს და თითქოს „იყინება“ ლუთეინურ ფაზაში.

მედიკამენტები და დაორსულება

მედიკამენტებიდან ორსულობის ალბათობას ყველაზე მეტად ბუნებრივია აქვეითებს ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული კონტრაცეპტივები, ისინი შეიცავენ ქალის ჰორმონების ჰიპერ-დოზებს, რითიც ორგანიზმის ჰორმონული ფონის მოშლას იწვევენ მათი მიღების შეწყვეტის შემდგომ კიდევ 6 თვე.

ანტიბაქტერიული პრეპარატები, ანტიბიოტიკები და სოკოს საწინააღმდეგო აბები, ასევე მოქმედებენ კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესზე და არღვევენ უკვე განაყოფიერებული ჩანასახის საშვილოსნოს ლორწოვანში იმპლანტაციის პროცესს.

თუმცა თუ ქალს აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება (შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი, გულის მანკი, ტუბერკულოზი და სხვ.), რომლის გამოც რეგულარულად იღებს მედიკამენტებს, საჭიროა მკურნალობის სქემის გადახედვა და ძლიერ ტოქსიური მედიკამენტების შეცვლა ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ნაკლებად უარყოფითად მოქმედებენ ორსულობის დადგიმაზე და მის განვითარებაზე.

 დაორსულების მსურველმა ქალმა მცენარეული პრეპარატები და საკვები დანამატებიც ასეთივე სიფრთხილით უნდა მიიღოს. მათი უსაფრთხოების შესახებ გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, მრავალი მათგანი საკმაოდ აქტიურ ინგრედიენტებს შეიცავს, რომელთა მოქმედებაც ორსულობის მიმდინარეობაზე ხშირად უცნობია.

ინფექციები და დაორსულება

ორგანიზმში მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი პროცესი ყველაზე ხშირად და მეტი ალბათობით აფერხებს დაორსულების პროცესს, მათ შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (მიკოპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა, ჰერპესი, ურეაპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, სოკოვანი ინფექცია) და სასქესო ორგანოებში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესზე, თუმცა შესაძლოა ინფექციური აგენტი (წითელა, წითურა, ყბაყურა, გრიპის ვირუსი და სხვ) სულ სხვა გზით მოხვდეს ორგანიზმში, მაგრამ მეორადად გამოიწვიოს გენიტალური ინფექციური პროცესი.

ქალის ორგანიზმში ინფექციური მწვავე ანთებითი პროცესი საკვერცხეებში იწვევს კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევას, ფოლიკულის კედლის გასქელებას და ოვულაციის (ფოლიკულის კედლის გასკდომა კვერცხუჯრედის „გადმოსასროლად“) მოშლას, საშვილოსნოს ფალოპის მილებში - მილების ლორწოვანის ანთებას (შესიებას) და მათი სანათურის გადაკეტვას, ასევე შემდგომში ნაწიბურების და შეხორცებების განვითარებას, რაც მილების გაუვალობას შეუქცევადს ხდის და კვერცხუჯრედს აღარ აქვს მასში გადაადგილების, შესაბამისად განაყოფიერების შესაძლებლობა, საშვილოსნოს ენდომეტრიუმში იწვევს ლორწოვანი გარსის ანთებას, მისი რელიეფურობის დარღვევას, ლორწოს ჰიპერსეკრეციას, რითიც სპერმატოზოიდებს უმცირდებათ შესაძლებლობა მიაღწიონ ფალოპის მილებამდე, ასევე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უმცირდება წარმატებული იმპლანტაციის შანსი.

მამაკაცის ორგანიზმში ნებისმიერი ინფექციური პროცესი, დაწყებული ბანალური გაცივებიდან დამთავრებული გენიტალური ინფექციებით, იწვევს სპერმატოგენეზის (სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ფუნქციის დაქვეითებას, ამ დროს მამაკაცის სპერმაში ნაკლები რაოდენობის და/ან ნაკლები აქტივობის მქონე სასქესო უჯრედები (სპერმატოზოიდები) იმყოფება, ასევე ანთებითი პროცესის გამო შესაძლოა შესივდეს და შემცირდეს თესლგამტარი გზების (სათესლე ბაგირაკების) სანათურის გამავლობა, რის გამოც შემცირდება თავად გამოყოფილი სპერმის რაოდენობაც.

ინფექციურ პროცესს შესაძლოა მოერიოს ორგანიზმის იმუნური სისტემა, რის გამოც და რის შედეგადაც ინფექციური პროცესის გავლენა დაორსულებაზე შემცირდება/აღმოიფხვრება - ეს ბუნებრივი გამოსავალია. მაგრამ თუ ორგანიზმის იმუნური პასუხი სუსტი აღმოჩნდა, მწვავე ინფექციური პროცესი გადავიდა ქრონიკულში, ორგანიზმის ყოველი გაზრდილი დატვირთვის საპასუხოდ ისევ გამწვავდა და ამით ხელი შეუშალა დაორსულების ან ორსულობის შენარჩუნების პროცესს, მაშინ ინფექციური აგენტი პათოლოგიურად გადაიქცევა და სამკურნალო ჩარევის გარეშე დაორსულების რისკი კვლავ დაბალი იქნება.

ტოქსიური ნაერთები და დაორსულება

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტოქსიური ნაერთების (ნიკოტინი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები) ზემოქმედება ამცირებს დაორსულების შანსს.

დადგინდა, რომ მათი ზემოქმედებით იცვლება ქალის ჰორმონული სტატუსი (იზრდება მამაკაცის ჰორმონის კონცენტაცია), მცირდება სასქესო ორგანოებში სისხლის მიწოდების პროცესი, რის შედეგადაც სასქესო უჯრედები განიცდიან ჰიპოქსიურ (ჟანგბადის შემცირება)  გადაგვარებას, ამის შედეგად საკვერცხეში სრულფასოვნად ვერ ვიტარდება კვერცხუჯრედი, ოვულაციის დროს ნაკლებ სიცოცხლის უნარიანია და სწრაფად იღუპება.

თუმცა ამ ფაქტორების ზეგავლენით უფრო ხშირად და მძიმედ მამაკაცის  სპერმატოზოიდები „ზარალდებიან“- სპერმაში არააქტიურ, თითქმის უმოძრაო სპერმატოზოიდებს უჭირთ ქალის სასქესო გზების გადალახვა და კვერცხუჯრედამდე მიღწევა.

ტოქსიური ნაერთების მოხმარების შეწყვეტის შემდგომ 3-4 თვეში ორგანიზმის სასქესო ფუნქცია ბუნებრივად უბრუნდება  თავის ნორმალურ მდგომარეობას და დაორსულების შანსები ფიზიოლოგიურამდე აღდგება.

 


© 2015 ყველა უფლება დაცულია