Orsuli.ge - ორსულობისთვის „მზადყოფნა“ - ფსიქოლოგიური მდგენელები

მთვლელები

ამ გვერდის ნახვის უფლება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს აქვთ

ავტორიზაცია

img
ორსულობისთვის „მზადყოფნა“ - ფსიქოლოგიური მდგენელები

ორსულობა უხშირესად არაპროგნოზირებულად დგება და იწვევს ორმაგ გრძნობას: სიხარულს და შიშს.

ერთის მხრივ, ჩვენ ვხდებით უსაზღვროდ ბედნიერები, რომ სიცოცხლეს ვაჩუქებთ პატარას, რომელიც გახდება - ჩვენი სიცოცხლის აზრი, ჩვენი იმედი, ჩვენი სიყვარული ...

მეორეს მხრივ, ჩვენ „გარს შემოგვეხვევა“ შიშები - მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის, ბავშვის დაბადების შემდეგ ცხოვრების შეცვლის, ოჯახური ურთიერთობების განვითარების, კარიერული თუ სხვა კომპრომისების ირგვლივ.

ამიტომ ახალგაზრდა ქალებისგან, რომლებსაც ჯერ არ ყავთ ბავშვები, ხშირად ვისმენთ: “ ჯერ არ ვარ მზად დედობისთვის”, ან “ჯერ შვილი ადრეა”, ან “შვილები გვინდა, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებთ” და ასე შემდეგ.

თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც შვილის ყოლის გაცხადებული მზაობისა და აღიარებული სურვილის მიუხედავად ორსულობის ფაქტის დადგომას და შემდგომში უკვე მშობლის როლში „შესვლას“ თავზარი დაუცია მომავალი მშობლებისთვის. აქ გასათვალისწინებელია, რომ უფრო მძაფრი შესაძლოა გამოდგეს მომავალი მამების განცდები, რომლებიც დეკლარირებულად უხშირესად დაუყოვნებლივ გამოთქვამენ მამობისთვის მზაობას, მაგრამ 9-თვიანი „გამოცდის“ ჩაბარებას ვეღარ ახერხებენ.

ორივე მშობლის ფსიქოლოგიურ სტატუსზე მოქმედებს როგორც ორსულობასთან ასოცირებული, საზრუნავი და გადასაჭრელი პრობლემების მოცულობა, ასევე გარემო ფსიქო-ფაქტორების ზემოქმედება, რომლებიც ორსულობამდეც იწვევდნენ ჩვენში ფსიქოლოგიურ სტრესებს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ უმჯობესია ორსულობისთვის მზადების პერიოდში (მაგრამ თუ ორსულობა დაგეგმვის პროცესის გარეშე დადგა - ორსულობის ფაქტის აღმოჩენისთანავე), დავიწყოთ ჩვენი შინაგანი და გარემო ფსიქო-სტრესული პრობლემების მოგვარება.

შინაგანი შიშები თქვენი და თქვენი პატარას მთავარი „მტერია“, თუნდაც უსიტყვოდ, მაგრამ ხდება ამ შიშების გაცვლა მომავალ დედასა და მამას შორის, რომლის შედეგადაც მათი გაძლიერება და გენერალიზაცია მიმდინარეობს, ამპლიტუდა კიდევ უფრო მატულობს, თუ ყოველდღიურად ადგილი აქვს ე.წ. „განმამტკიცებელ“დიალოგს: „ისედაც გვიჭირს და რა იქნება, როცა ბავშვი გაჩნდება“, „ბავშვი რომ დაიბადება, ორმაგი დატვირთვა გვექნება, უძილო ღამეების მერე ვეღარ ვივლით გასართობად, ვეღარ მივიღებთ სტუმრებს, ვეღარ ვიყიდით ნივთებს, ვეღარ ვიმუშავებთ“ და ა.შ.

თუმცა ხშირად თეორიულად ვიცით, რომ შიშები საზიანოა, მაგრამ პრაქტიკულად ყოველდღიურობაში ვერ ვახერხებთ მათთან გამკლავებას. რა უნდა გავაკეთოთ? შიშებს ყოველთვის ამარცხებს პოზიტიური განცდები, რომლებიც ბედნიერ და სასურველ მომავალთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ მომავალმა დედებმა ბევრი იფიქრეთ და ბევრი ილაპარაკეთ - პარტნიორთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან (ყველგან, სადაც თქვენი მიკროსოციუმია), იმის შესახებ, თუ როგორი ლამაზი პატარა გეყოლებათ, რა მოგწონთ თქვენს ან თქვენი მეუღლის გარეგნობაში ან სხვა თვისებებში, რაც გინდათ, რომ ბავშვს „გამოყვეს“,როგორ ხედავთ უკვე მის მომავალს, რას ასწავლით, როგორ გააგრძელებს თქვენი პატარა თქვენს დაწყებულ საქმეებს, როგორ აიხდენს თქვენთვის აუხდენელ ოცნებებს და ა.შ. მომავალ მამასთან იმსჯელეთ (თუნდაც იოცნებეთ) ისეთი კითხვების პასუხებზე, როგორიცაა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ და თქვენს მეუღლეს მშობლის როლში საკუთარი თავი? რა ფუნქციები გექნებათ? როგორ გაინაწილებთ როლებს? როგორი მშობლები იქნებით და რას ასწავლით თქვენს შვილებს? მიეცით თქვენს მამაკაცებს საკუთარი როლი ჯერ კიდევ მუცლადმყოფი პატარას ცხოვრებაში, მოისმინეთ ამ როლის შესახებ მისი წარმოდგენები და თუ არ ეთანხმებით, შესთავაზეთ სხვა როლური ფუნქციები, შესაძლოა ის არ დაგეთანხმოთ, მაგრამ თუ თქვენ მას დროს მისცემთ, რომ იფიქროს ამ საკითხებზე, მის როლს დატვირთავთ მისი შეუცვლელობის ასპექტებით, მაგალითად „შენს გარეშე ვერ შევძლებ“, „შენს გარეშე ბავშვს მოაკლდება“ ... ბავშვის დაბადებისას მოგვევლინება კარგად ორგანიზებული, საკუთარი ფუნქციების ზუსტად შემსრულებელი მამა.

შიშების კიდევ ერთ წყაროს წარმოადგენს თქვენი და მომავალი მამიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამაც შესაძლოა ასახვა პოვოს მომავალი პატარას ჯანმრთელობაზე. ამ მდგომარეობის დასაძლევად მართვის სადავეები აიღეთ ხელში - გაეცანით დაორსულებამდე ჩასატარებელ „აუდიტს“ და იზრუნეთ ორგანიზმის მომზადებისთვის:

დროულად ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევები, რომლებიც კონკრეტულ პრობლემაზე ამოწმებენ თქვენს ჯანმრთელობას. გამოკვლევების გარდა დაუკვირდით თქვენს სხეულს, მის მუშაობას და დარწმუნდით, რომ მისი მდგომარეობა გაკმაყოფილებთ. შეინარჩუნეთ ეს სასურველი მდგომარეობა ყოველდღიურად; მოიწესრიგეთ წონა - ეს თქვენ ორსულობის შემდგომ „სილამაზის დაკარგვის“ დისკომფორტსაც აგარიდებთ და ორსულობის დროს ზედმეტი წონის მატებით გამოწვეული პრობლემების პროფილაქტიკასაც მოემსახურება.

ექიმთან კონსულტაციით სასწრაფოდ გაარკვიეთ დოზირება და დაიწყეთ ფოლიუმის მჟავას მიღება – ის ჩვენს საუკუნეში აუცილებელია თქვენი პატარას შემდგომი განვითარებისთვის. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, ბავშვებში ნერვული სისტემის და შესაბამისად გონებრივი განვითარების შეფერხების გამომწვევი მთავარი მიზეზია ორსული დედის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა, ამიტომ ყველა ქვეყანაში კანონითაა განსაზღვრული, რომ ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში ქალმა საჭიროა მიიღოს ეს ვიტამინი.

რაც შეეხება გარემო სტრესულ ფაქტორებს, პირველ რიგში გადახედეთ თქვენი ცხოვრების წესს, ის თუ რამდენად აქტიური ხართ, როგორია თქვენი დღის განრიგი? - სასურველია რომ ზომიერად აქტიური და სტაბილური განრიგი გქონდეთ. აქ მთავარია ცხოვრების დაგეგმარება და პროგნოზირებულობა მოახერხოთ. თუ თქვენ შეძლებთ წინასწარ გაწეროთ გრაფიკი (რომელიც პრაგმატული და განხორციელებადი იქნება), იცხოვროთ მხოლოდ მოკლე პერიოდზე ფიქრით და საქმეებით, შეინარჩუნოთ ცხოვრების ჯანსაღი წესი, ივარჯიშოთ ცოტ-ცოტა ან ისეირნოთ ფეხით ყოველდღიურად და იკვებეთ სწორად, თქვენ საშუალება მოგეცემათ შეიძინოთ თვითდაჯერებულობისა და კომფორტის მგდომარეობა, სადაც სტრესული ფაქტორების მოქმედება არ შეწყდება რათქმაუნდა, უბრალოდ გაიზრდება მათზე თქვენი გამძლეობა.

ეს წესები თქვენს პარტნიორსაც ეხება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქოლოგიური მდგრადობა ძალიან მნიშვლენოვანია ჯანსაღი მომავალის შესაქმნელად.

ორივე მოერიდეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღებას, როგორც ჩასახვამდე, ასევე ორსულობისას. ეს კარგი რჩევაა, თუმცა შეასრულეთ ის ზომიერად და ისე, რომ დამატებიღი სტრესების საფუძველი არ გახდეს.

თანდათან დაფიქრდით თქვენს სამსახურზე და კარიერაზეც. ქალების უმრავლესობა სამსახურში დიდ დროს ატარებს. მნიშვნელოვანია ორსულობა არ განიხილებოდეს კარიერის საპირწონედ, უნდა დაიგეგმოს მხოლოდ ურთიერთკომპრომისები - რას დათმობთ ორსულის აუღელვებელი ცხოვრებიდან და სამსახურის დინამიური გრაფიკიდან. ამისთვის ჯერ პასუხი გაეცით კითხვებს: როგორი სამსახური გაქვთ? რისი კეთება გიწევთ დღის განმავლობაში? რამდენად სტრესულია თქვენი სამსახური? ხომ არ შეიცავს იგი ორსულობისთვის მავნებელ ელემენტებს? როგორ აპირებთ სამსახურის შეთავსებას ორსულობას და დედობასთან? რისი მოგვარება მოგიწევთ ამ პერიოდში? ორსულობა და შვილები ასევე დამატებით დანახარდებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამის გათვალისწინებით დასაგეგმია თქვენი ოჯახის ბიუჯეტიც. თუ სამსახურში დაბრუნებას გადადებთ შვილის გაჩენის შემდეგ როგორ იმოქმედებს ეს თქვენს ბიუჯეტზე? წარმოიდგინეთ, აწონ-დაწონეთ დადებითი და უარყოფითი ფაქტორები და ჩამოაყალიბეთ თქვენი სამსახურეობრივი ცხოვრების მოდელი, რომელიც, თუ მკაფიოდ და ნათლად გექნებათ განსაზღვრული, საშუალებას მოგცემთ დაარწმუნოთ როგორ ხელმძღვანელობა, ასევე კოლეგები დროის გარკვეულ პერიოდში გამოიჩინონ გულისხმიერება, გაპატიონ დაგვიანებები და გაცდენები, გადაინაწილონ თქვენი საქმე, მოგეხმარონ დავალებების შესრულებაში. ასევე გახსოვდეთ დეკრეტული შვებულების არსებობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს სამუშაოს მიმცემს ორსულობის და ბავშვის დაბადების მიზეზით გაცდენილი პერიოდის შემდგომ მისი თანამშრომელი დააბრუნოს დაკავებულ პოზიციაზე ზუსტად იგივე სამუშაო პირობებით, რაც მას ორსულობამდე ჰქონდა.

მიუხედავად იმისა თუ თქვენ რამდენად კარგად მოემზადებით, უნდა გახსოვდეთ რომ მოულოდნელებს მაინც ექნება ადგილი. თქვენ ფაქტობრივად სამყაროს სასწაულში მონაწილეობთ - ახალი ადამიანი შემოგყავთ სამყაროში, ამიტომ არ შეშინდეთ, თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით. გახსოვდეთ, რომ ვინც ინფორმირებულია – ის მომზადებულია.


© 2015 ყველა უფლება დაცულია