ორსულობის მეორე თვე

კატეგორია: ორსულობის გიდი

ორსულობის მეორე თვე

 დასაწყისის დასაწყისი - ორსულობის 1 თვე

მაშასადამე, მოხდა განაყოფიერება - კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის გენეტიკური მასალა გაერთიანდა და საფუძველი ჩაეყარა პირველ უჯრედს - ზიგოტას. ამის შემდეგ ერთგვარი შესვენებაა - 15 წუთიდან რამდენიმე საათის მონაკვეთში, მომავალი ადამიანი „ერთუჯრედიანია“.

 შემდეგ იწყება კონვულსიური დაყოფა, წარმოიქმნება 2, 4, 8, 16 და ასე შემდეგ უჯრედი, ტემპი იზრდება, ამასთან ყველა უჯრედის გაყოფა საკუთარი რიტმით მიმდინარეობს, ასინქრონულად. ამ დროს ყველაზე ადრეული და ყველაზე მსხვილი უჯრედები მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და მთლიანობაში ეს კონგლომერატი ჰგავს თუთის ნაყოფს, ამიტომაც მას მოიხსენიებენ როგორც მორულა-ს (ლათინურად თუთას ეწოდება Morus). ეს პატარა „თუთის ნაყოფი“ აგრძელებს დაყოფას და გადაადგილებას ფალოპის ლულის გასწვრივ საშვილოსნოსკენ. ამ დროს მორულა უკვე ჰგავს ბუშტულას: მკვრივი უჯრედული მასა იყოფა ჩანასახოვან კვანძად და უჯრედების ზედაპირულ ფენად, რომელიც გარს არტყია ამ კვანძს. სწორედ ასეთ „ფორმაში“ ამთავრებს ჩანასახი თავის  საშვილოსნოსკენ მოგზაურობას, სადაც იგი პირველი კვირის ბოლოს იწყებს ჩამაგრებას.

ამ დროისთვის ის მცირე საკვები მარაგი, რომელიც მისთვის იყო კვერცხუჯრედში დამარაგებული, სრულიად ამოწურულია, ამიტომ ჩანასახი იწყებს საშვილოსნოში ჩამაგრების პროცედურას, რათა დედის ორგანიზმიდან დაიწყოს აუცილებელი ოქსიგენითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება. ამ მისიის განსახორციელებლად მისი ყველაზე გარეთა უჯრედების ნაწილი ჩაიზრდება საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, ისინი წარმოქმნიან განტოტებებს, სადაც ვითარდება სპეციალური სისხლძარღვოვანი ქსელი, სწორედ აქ მიმდინარეობს საკვები ნივთიერებების და გაზთა ცვლა. ასე წარმოიქმნება პლაცენტა, რომელსაც „ბავშვის კუთხე“-საც უწოდებენ. ყველაზე გარეთა უჯრედების მეორე ნაწილი გარს ეკვრის ნაყოფს და ქმნის მისთვის დამცავ გარსს.

პლაცენტის საშუალებით პატარას მიეწოდება მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ანუ ნუტრიენტები, გამოიყოფა შლაკები და ნივთირებათა ცვლის ნარჩენები, იქმნება ბარიერი მიკრობებისა და ქიმიური მავნე ნივთიერებისთვის.

სპეციალისტები ამტკიცებენ: პლაცენტის როლი იმდენად დიდია, რომ მისი ფუნქციონირების დარღვევებმა შესაძლოა პოტენციური გენიოსიდან წარმოშოს უნარშეზღუდული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკურად ამ ადამიანში გენიოსი იყო ჩაწერილი. პლაცენტის ზოგიერთი პათოლოგია, მაგალითად მწვავე უკმარისობა, ნაადრევი აშრევება, იწვევს ნაყოფის სიკვდილსაც კი.

პლაცენტის პარალელურად ვითარდება ჭიპლარიც, რომლის სიხლძარღვოვანი აპარატი პლაცენტიდან აღებულ ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს აწვდის ნაყოფს და ნაყოფიდან ცხოველქმედების ნარჩენი პროდუქტები გადააქვს პლაცენტაში.

ემბრიონსა და მის შემომგარსველ თხელ შრეს შორის სანაყოფე წყლებია, რომლებიც პერიოდულად პორციებად შეიწოვება და ისევ გამოიყოფა. ეს სითხეც მონაწილეობს ნაყოფის ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ყველაზე მთავარი - იცავს მას დედის საშვილოსნოს კედლების მხრიდან განვითარებული არათანაბარი წნევის ზემოქმედებისგან.

თავად ბავშვის განვითარების პროცესი მიმდინარეობს შეუწყვეტლივ:

მე-2 კვირის განმავლობაში - ჩანასახოვანი კვანძის უჯრედები ორ შრედ იყოფა;

მე-3 კვირის განმავლობაში - მათ შორის წარმოიშობა მესამე, შუა შრეც.

ეს შრეები ე.წ. ჩანასახოვან ფირფიტებს წარმოადგენენ და მათ მდებარეობის კიხედვით ეწოდებათ: გარეთას- ექტოდერმა, შუას - მეზოდერმა, შიდას - ენტოდერმა. ყოველი ფირფიტის მიღმა  საფუძველი ეყრება ორგანოებისა და ქსოვილების კონკრეტულ ჩამონათვალს.

მე-3 კვირის ბოლოს:  

შუა ფირფიტიდან ისახება  ქორდა - ჩონჩხოვანი ჭიმი, რომელიც შუა ხაზის გასწვრივაა გადაჭიმული და საფუძველს უყრის ხერხემალს;

ვითარდება სისხლძარღვების ქსელი, მათი წარმოშობიდან მესამე დღეს კი იწყება გულის ფორმირება.

23-ე დღეს ემბრიონის გული უკვე იკუმშება და პულსირებს, შეკუმშვასთან ერთად მიმდინარეობს სტრუქტურული ჩამოყალიბების პროცესი - შიდა ძგიდეების, სარქველებისა და ღრუების.

სისხლძარღვოვანი სისტემა გაყოფილია არტერიულ და ვენურ ნაწილებად, მხოლოდ სისხლძარღვოვანი წრეები ჯერ სხვანაირადაა დაყოფილი, რადგან ჯერ არ ფუნქციონირებს ფილტვები და ჟანგბადი მიეწოდება ჭიპლარის გზით.

 

ის სახეს იძენს - ორსულობის 2 თვე

მე-2 თვის განმავლობაში ფიქსირდება ჩანასახის განვითარებაში მეორე ხარისხობრივი ნახტომი: ჩანასახოვანი სამივე ფირფიტის უჯრედები ინტენსიურად მრავლდება, გადანაწილდება სივრცეში და სპეციალიზირდება - მიმდინარეობს ორგანოგენეზი.

მე-4 კვირიდან მე-8 კვირამდე -

გარეთა ჩანასახოვანი ფირფიტის უჯრედები ქმნიან ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის „ესკიზს“, ყალიბდება თავის და ზურგის ტვინი, ნერვული გამტარი გზები. თავდაპირველად თავის ტვინს აქვს გლუვი ზედაპირი, თანდათან იგი ხდება რელიეფური.

გარეთა ფირფიტიდან ყალიბდება ასევე გრძნობის ორგანოების - ყურის, ცხვირის და თვალების  ეპითელიუმი, კანი, თმები, ფრჩხილები.

შუა ფირფიტიდან - იქმნება ჩონჩხის, შინაგანი ორგანოების, სისხლარღვების და  გულის კუნთოვანი ელემენტები, ხრტილოვანი და ძვლოვანი ელემენტები, ელენთა, თირკმელები, სასქესო ორგანოები და ყველა ღრუს ამომფენი ქსოვილები.

შიდა ფირფიტიდან წარმოიქმნება საჭმლის მომნელებელი სისტემის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილები.

საინტერესოა, რომ განვითარების პროცესების ბოლოს ყალიბდება ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული უჯრედების მრავალფეროვნება: ძვლოვანი ქსოვილის ხისტი უჯრედები, სუპერრთული ნეირონები, ენდოკრინული სისტემის მასეკრეტირებელი უჯრედები, ელასტიური და დრეკადი კუნთოვანი უჯრედები და ა.შ. თუმცა ყველა მათგანი დასაწყისში ერთნაირია ფუნქციურადაც და ფორმითაც. როგორ მიმდინარეობს უჯრედების დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის პროცესი?

 

მე-5-6 კვირის განმავლობაში განსაკუთრებით ინტენსიურად ყალიბდება კიდურები, იყოფა ნაწილებად, ჩნდება მტევნები და ტერფები, რომლებიც უფრო ლასტებს წააგავს 5 სხივით - მომავალი თითებით.

მე-7 კვირაში იწყება ჩონჩხის განვითარების პროცესი, რომელიც საბოლოოდ 20-25 წლის ასაკში მთავრდება.

მე-5-6 კვირის განმავლობაში ემბრიონს უჩნდება სახე:

  • თვალები, რომლებიც აქამდე გვერდულად იყო განლაგებული, ახლოვდება და წინისკენ გადადგილდება;
  • დიდი და ამობურცული შუბლი;
  • ბრტყელი ცხვირი ამობურცული ნესტოებით;
  • ტუჩის ძალიან მკრთალი კონტური, რომლის სიღრმეშიც უწვრილესი მარცვლების სახით ჩანს კბილების ჩანასახები.

50-60-ე დღისთვის ადამიანისთვის დამახასიათებელი ყველა ორგანო და სხეულის ნაწილი ზოგადი კონტურებით უკვე ჩამოყალიბებულია.

 

 

 


სტუმრებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია